A+
A-
სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა
03 ნოემბერი 2013 20:15:55

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი უფლებამოსილების ვადის მიწურულს სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია შეიწყალა პატიმართა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე, რამაც 2006 წლის მარტში ციხის ბუნტი გამოიწვია, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ახალაია, რომელსაც 28 ოქტომბერს სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა ციხის ბუნტის საქმეზე, ვერ დატოვებს ციხეს, ვინაიდან მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სასამართლოს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირას გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ახალაიას განაჩენი ციხის ბუნტთან დაკავშირებულ საქმეზე „არა უბრალოდ გაუმართლებელია იურიდიული თვალსაზრისით, არამედ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უბრალოდ სამარცხვინოა“

მისი თქმით, 2006 წელს მისი მთავრობა კანონიერ ქურდებს ებრძოდა სასჯელაღსრულების სისტემაზე მათი კონტროლის აღმოფხვრის მიზნით და ახალაია, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამ ბრძოლის ავანგარდში იდგა.

„სამარცხვინოს გარდა არაფერი შეიძლება უწოდო ფაქტს, როდესაც ქურდები და პროკურატურა ერთად ასამართლებენ ქურდებთან მებრძოლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ახალაიას წინააღმდეგ საქმე ეფუძნებოდა „კანონიერი ქურდების ჩვენებებს“.

ახალაიას, რომელიც 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს, სამ დამოუკიდებელ საქმეზე ჰქონდა წაყენებული ბრალი. მათგან ორში ის გაამართლეს, ხოლო ციხის ბუნტთან დაკავშირებით მას პატიმრობა შეეფარდა.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო „ბუნტის“ საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა სააკაშვილმა.