A+
A-
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის განთავსება იგეგმება
04 ნოემბერი 2013 20:17:48

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსება იგეგმება.

ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას.

მთავრობა ამ დრომდე მსჯელობდა, თუ რა ფუნქციით დაეტვირთა ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლე.

„[კოალიცია ქართული ოცნების] პოლიტსაბჭოზე მე წამოვაყენე წინადადება, რომ ეს იყოს უნივერსიტეტი; შემდეგ ვესაუბრე [განათლების] მინისტრს, ქალბატონ თამარს და ჩვენ ჩამოვყალიბდით შეხედულებაზე, რომ, ეს უნდა იყოს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება“, - განუცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს ჟურნალისტებს.

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ასევე დაადასტურა, რომ განიხილება ახალი პრეზიდენტის ინიციატივა, რომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ივლისში გაფორმებულიშეთანხმებით გათვალისწინებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდეს. დაახლოებით 140 მლნ აშშ-დოლარის ოდენობის ხუთწლიანი შეთანხმება ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს „STEM–ის უმაღლესი განათლების პროექტის“ განხორციელებას, რომლის მიზანიცაა ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზებისა და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზებით.

„ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს მართლა მაღალი ხარისხის განათლებას და მე მიხარია, რომ ის ფული რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასეთ ფეშენებელურ შენობაზე [პრეზიდენტის რეზიდენციაზე], ეს ფული მოხმარდება ქართულ სტუდენტობას და ქართულ განათლებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ის პრეტენზია იყო, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად უყენებდა მთავრობას იმის გამო, რომ მან ბათუმში ახლადაშენებულ მრავალსართულიან შენობაში უნივერსიტეტის განთავსება მიზანშეუწონლად მიიჩნია.