A+
A-
უსუფაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გამორიცხავს
06 ნოემბერი 2013 20:23:37

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ არც პრეზიდენტ სააკაშვილის და არც ნებისმიერი სხვა პირის მიმართ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ იქნება.

როდესაც უსუფაშვილს ვილნიუსში 6 ნოემბერს თავის ლიტველ კოლეგასთან ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ევროკავშირში არსებული წუხილებზე პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მის წინააღმდეგ შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე, უსუფაშვილმა უპასუხა: „მე მინდა დავამშვიდო ყველა, თუ ვინმე ღელავს ამ საკითხზე, რომ საქართველოში კონსტიტუცია და კანონი იქნება დაცული ყველას მიმართ და პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა არის და იქნება გამორიცხული“.

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა  პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის წინააღმდეგ გააფრთხილა.

კითხვაზე შეშფოთებულია თუ არა ის პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადების გამო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ფიქრობს, თუ არა ის, რომ სააკაშვილი „შესაძლოა ახალი ტიმოშენკო გახდეს“, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ შესაძლოა უარესიც იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ის ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ ერთ საკითხამდე დაიყვანება შემდგომი რამოდენიმე წლის განმავლობაში, რაც საზიანო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის“.

ბილდტმა განაცხადა, რომ როდესაც ის 23 ოქტომბერს საქართველოსსტუმრობდა თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ შიკორსკისთან ერთად, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა „რამდენიმე ბრძნული რამ თქვა“შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ივანიშვილის განცხადებას, რომ მხოლოდ დასჯაზე ფიქრისა და წარსულში ყურების გამო საქართველო დაკარგავს განვითარების და ევროპაში ინტეგრაციის ტემპს და რომ საქართველომ მომავლისკენ უნდა გაიხედოს.   

თუმცა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა: „მე ვნახე, რომ მას შემდეგ მან [ივანიშვილმა] ისეთი რაღაცეები თქვა, რისი სხვაგვარად ინტერპრეტირება გახდა შესაძლებელი“

იმავდროულად, თბილისში 6 ნოემბერს წინასწარი სასამართლო მოსმენა დაიწყო ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მერაბიშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში რჩება, აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური მიზეზებითაა დაპატიმრებული. მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ცალკე საქმეზე უკვე მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; ხოლო მეორე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო იმბრალდებებზე, რომლებიც დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება 2011 წლის 26 მაისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით.