A+
A-
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
10 ნოემბერი 2013 20:32:58

რუსეთის სახელმწიფო პირველ არხთან ინტერვიუში საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება დაესწროს თუ არა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სოჭში.

ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა კვირას გადასცა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება იმ საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და შემდეგ გადავიდნენ „კარგ მეზობლურ ურთიერთობებზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში. მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა პრეზიდენტ სააკაშვილის „დისკრედიტაცია“ მოახდინა, რომელმაც, მისი თქმით, „პრობლემები შექმნა“, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორი, განაგრძო მარგველაშვილმა, აღარ არის რელევანტური, რადგანაც ეს უკვე წარსულია. მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი იხეირებს სტაბილური საქართველოთი და მისი ევროპული ინტეგრაციით.

სულ ცოტა ორჯერ თავის ინტერვიუში მარგველაშვილმა ახსენამილოცვა, რომელიც მან არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქ კირილისგან მიიღო. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას „ესიამოვნა“ ეს მილოცვა, რამაც, მისი თქმით, აჩვენა ორ მართლმადიდებელ ქრისტიან ერს შორის კონტაქტების სიძლიერე იმ პირობებშიც კი, როცა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

„ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკოსების მიერ მიყენებული ჭრილობები ხალხმა უნდა მოაშუშოს, სულიერმა ხალხმა, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და იმ კულტურულ კავშირებზე, რომლებიც ჩვენ ხალხებს შორის არსებობდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„როგორ დავიწყოთ? მე მგონი პასუხი იმ ელემენტარულ სიმართლეშია, რომ ხელის შეშლა არ არის საჭირო; როგორც კი პოლიტიკოსები აღარ შეუშლიან ხელს ხალხს, კეთილი ნების ხალხს, როგორც კი ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, შევძლებთ შევქმნათ პირობები ბიზნესისთვის, კულტურული ურთიერთობებისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის და ემოციური ურთიერთობებისთვის, ამას ექნება შედეგი“, – განაცხადა მან.

კითხვაზე მზად არის თუ არა იგი გადადგას „პირველი ნაბიჯი, კეთილი ნების ნაბიჯი“, მარგველაშვილმა უპასუხა: „ჩვენ უკვე გადავდგით ეს ნაბიჯი“.

„ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი დაძაბულობის შემცირების ასპექტში“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, არ წარმოადგენს საქართველოსთვის ჩვენი აგრესიის სამიზნეს; ჩვენ ვაცხადებდით, რომ ჩვენ შევეცდებით, რომ დიალოგი აგრესიული ურთიერთობიდან რაციონალური ჩარჩოებში გადავიყვანოთ და ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები“.

მან ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებები დაიწყო  ვაჭრობის, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

ამ კონტექსტში მარგველაშვილმა ასევე ახსენა საქართველოს გადაწყვეტილება 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე. საერთო ჯამში, განაცხადა მარგველაშვილმა, საქართველოს მთავრობამ მოხსნა დაძაბულობის ფონი.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას, მარგველაშვილმა უპასუხა: „ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს; ეს საკითხი ღიაა და განიხილება ჩვენს გუნდში“.

მისი თქმით, ოლიმპიური თამაშები კარგ დასაწყისს წარმოადგენს იმისათვის, რომ არ იყოს პოლიტიკური დაძაბულობა და მას შეუძლია კარგი იმპულსი  მისცეს „ახალ ურთიერთობებს“.

„ჩვენ ძალიან პრობლემური წერტილიდან ვიწყებთ; ჩვენ ვიწყებთ იმ წერტილიდან, როდესაც, სამწუხაროდ, უკვე მოხდა ძალიან ტრაგიკული მოვლენები [სავარაუდოდ მას მხედველობაში 2008 წლის აგვისტოს ომი ჰქონდა]; ჩვენ შევეცდებით, რომ ერთმანეთს ტკივილი არ მივაყენოთ, შევეცდებით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც დღეს ვწყვეტთ და ვისაუბრებთ პერსპექტივებზე და პერსპექტივა უნდა დაბრუნდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების წერტილზე. როგორია რუსეთის ინტერესები, როგორია საქართველოს ინტერესები, როგორია იმ ხალხის ინტერესები, რომლებიც იქ წვალობენ, მოდით ამ საკითხების გადაწყვეტა დავიწყოთ – მე ვფიქრობ, რომ დრო უნდა გავიდეს. დიახ, სააკაშვილის დისკრედიტაცია მოხდა ამ ომის შედეგად, და რა? და ვის დააინტერესებს რუსეთში ათი წლის შემდეგ ეს ინტრიგა? რუსს უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, მას უნდა, რომ ქართველები ჩადიოდნენ იქ და რომ იყოს კულტურული ურთიერთობები... ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა პრობლემები შექმნა, აღარავის აინტერსებს; ეს უკვე შარშანდელი თოვლია, მათ შორის რუსეთისთვისაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო; მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესი განვითარდეს.

„ჩვენ ვქმნით ახალ ფორმატებს, ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს რუსი ბიზნესმენებისთვის, რათა მათ ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, როგორც ქვეყანაში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ექნება ევროპასთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა თბილისის მისწრაფება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფების ფონზე, მარგველაშვილმა უპასუხა: „საქართველოს ინტეგრაცია და ასოცირება ევროპაში, ჩვენი თვალსაზრისით, წარმოადგენს რუსეთის ინტერესს; სტაბილური ქვეყანა სამხრეთის მიმართულებით რეალურად ქმნის შესაძლებლობას ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სტაბილური განვითარებისთვის რუსეთის ფედერაციისთვისაც, რომელიც, სხვათაშორის, ასევე ძალიან აქტიურია ევროპასთან“.

„ჩვენ ამ ასპექტში მხოლოდ დადებითს ვხედავთ რუსეთისთვის; ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აქ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებულია“, – განაცხადა მან.

„რუსეთში სტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და საქართველოშიც სტაბილური სიტუაციაა და ეს კარგი წინაპირობაა საკითხების მოგვარების დასაწყებად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.