A+
A-
2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი
01 დეკემბერი 2013 21:38:13

მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაცთავდაპირველი პროექტთანშედარებით, შემოსავლები 7.319 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7.223 მლრდ ლარამდეა შემცირებული.

მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 7.422 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.248 მლრდ ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების სახით 6.82 მლრდ ლარია დაგეგმილი, რაც 23 მლნ ლარით ნაკლებია თავდაპირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ამ პარამეტრზე, ხოლო 100 მლნ ლარით ჩამორჩება წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებელს. ამგვარ შემცირებას მთავრობა იმ ფაქტორით ხსნის, რომ იგეგმება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და ასევე წინა წლებში ზედმეტად გადახდილი დაახლოებით 150 მლნ ლარის გადასახადების დაბრუნება.

საშემოსავლო ნაწილში გრანტების ოდენობა, თავდაპირველ პროექტთან (129.8 მლნ ლარი) შედარებით გაზრდილია 144 მლნ ლარამდე მაშინ, როცა მიმდინარე წელს გრანტების მოცულობა 202.5 მლნ ლარს შეადგენს; ხოლო „სხვა შემოსავლების“ სახით დაგეგმილია 355 მლნ ლარის მობილიზება, რაც 55 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროექტსა და წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ამ პარამეტრს.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრების მთლიანი მოცულობა 600 მლნ ლარს შეადგენს (2013 წელს  - 150 მლნ ლარი, ხოლო 2012 წელს - 58.3 მლნ ლარი), საიდანაც 400 მლნ ლარი, მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოხმარდება „სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას, მათ შორის სახელმწიფო ვალების დაფარვას“; ხოლო დარჩენილი 200 მლნ ლარი მიიმართება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის, კერძოდ „ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდება მისი კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული თანხა დეპოზიტებად განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს“.

„დეპოზიტების ვადიანობა შესაბამისობაში იქნება ფასიანი ქაღალდების ვადიანობასთან, ხოლო დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი არ იქნება ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები. აღნიშნული თანხით კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ ლარში გასცენ გრძელვადიანი კრედიტები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას“, - აცხადებს მთავრობა ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტში უცვლელად არის დატოვებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 5%-ს შეადგენს. წლევანდელ ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია, თუმცა მისმა რეალურმა ზრდამ, საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში 1.9% შეადგინა. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება.

ხარჯვით ნაწილში პროექტის ახალი ვარიანტის სიახლეებიადევნილთა შემწეობების 45 ლარამდე გაზრდა მომავალი წლის 1 მარტიდან და სასამართლოებში ხელფასების მატების შესახებ მთავრობის მიერ გაცემული დაპირების შესრულება.

2014 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა ყველა შესაბამისი სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, შემცირებულია. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი, წინა პროექტთან შედარებით, 62 მლნ ლარით არის გაზრდილი.

კორექტირებული პროექტის თანახმად 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2.658 მლრდ ლარი (2013 წელს - 2.345 მლრდ ლარი; 2012 წელს -  1.821 მლრდ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 875 მლნ ლარი (2013 წელი - 928.5 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 754.3 მლნ ლარი (2013 წელი - 673.2 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 263.5 მლნ ლარი (2013 წელი – 241  მლნ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელი - 660 მლნ ლარი; 2012 წელი - 730.6  მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2013 წელი -  570 მლნ ლარი; 2012 წ –  587.8  მლნ ლარი; 2011 წ - 568 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 96 მლნ ლარი (2013 წელი – 100 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 87  მლნ ლარი (2013 წელი – 55  მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 114.6 მლნ ლარი (2013 წელი - 118.7 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 60.5 მლნ ლარი (2013 წელი - 71.4  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 157 მლნ ლარი  (2013 წელი - 174.3 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 90 მლნ ლარი (2013 წელი – 80 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  80 მლნ ლარი (2013 წელი- 80 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  53.9 მლნ ლარი (2013 წელი – 47.2 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 31 მლნ ლარი (2013 წელი - 25.9  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელი - 48 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2013 წელი - 1.3 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.8 მლნ ლარი (2013 წელი - 2.3  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  900 ათასი ლარი (2013 წელი - 850 ათასი ლარი).

ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტის თანახმად, 20 მლნ ლარამდე ორმაგდება მთავრობის კანცელარიის დაფინანსება თავდაპირველ პროექტთან შედარებით მაშინ, როცა პარლამენტის დაფინანსება წლევანდელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით მცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია წლევანდელ დაფინანსებაზე.

ამასთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარის მოცულობის დარჩება.

თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაზრდილია სასამართლოების დაფინანსება შრომის ანაზღაურების ნაწილში: საკონსტიტუციო სასამართლო 3.3 მლნ ლარი (2013 წელს 2.6 მლნ ლარი); უზენაესი სასამართლო - 6.6 მლნ ლარი (2013 წელს 5.5 მლნ ლარი); საერთო სასამართლოები - 47.4 მლნ ლარი (2013 წელს 34.9 მლნ ლარი); და იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 2.495 მლნ ლარი (2013 წელს 1.075 მლნ ლარი).

მნიშვნელოვნად გაიზრდება საქსტატის დაფინანსება არსებული 4.5 მლნ ლარიდან 14.6 მლნ ლარამდე, საიდანაც 8.8 მლნ ლარი მომავალ წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ყველა აპარატს ეზრდება რამდენიმე ათასი ლარით საბიუჯეტო დაფინანსება; ასევე გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერებიც ჯამურად 76 მლნ ლარით, თუმცა გამონაკლისია თბილისი, რომლის ტრანსფერიც წლევანდელთან შედარებით 49.9 მლნ ლარით მცირდება მომავალს წელს და 398 მლნ ლარს შეადგენს - ამ შემცირებას დედაქალაქის მერია აპროტესტებს. 

ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, რომელიც მთავრობამ 29 ნოემბრის სხდომაზე მოიწონა, პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.