A+
A-
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
03 დეკემბერი 2013 23:00:41

საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, სადაც ქვეყანას 55-ე ადგილი უკავია 177 ქვეყანას შორის.

ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე.

ბოლო კვლევაში, რომელიც 3 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ 49 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე, ნაცვლად 2012 წელს მიღებული 52 ქულისა, როდესაც ქვეყანას 51–ე ადგილი ეკავა 176 ქვეყანას შორის.

2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეიტინგში 55-ე ადგილს იყოფს ლესოთოსთან თურქეთის შემდეგ და ბაჰრეინის, ხორვატიის და ჩეხეთის რესპუბლიკის წინ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გარდა ხორვატიისა და ჩეხეთის რესპუბლიკისა, რომლებიც საქართველოს შემდეგ მოდიან კორუფციის აღქმის დონის თვალსაზრისით, არიან სლოვაკეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი.

„2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ აქტიურად დაიწყო ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ზოგიერთ სფეროში“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს განცხადებით, ეს გამოიხატებოდა, ერთის მხრივ, „იმ საჯარო მოხელეთა სპექტრის გაფართოებაში, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოეთხოვებათ, ხოლო, მეორე მხრივ,  პირდაპირი წესით (ტენდერის გარეშე) დადებული სახელმწიფო კონტრაქტების (მათ შორის, ყველა მცირე შესყიდვის) განთავსებაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე“.

„ამ ორ სფეროში საქართველო მისაბაძი მაგალითია მსოფლიოს მასშტაბით“, – აცხადებს ორგანიზაცია, „გარდა ამისა, მთავრობამ, გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც, გაატარა რეფორმები, რათა მეტი საჯარო ინფორმაცია გაეხადა ხელმისაწვდომი ინტერნეტის საშუალებით. შედეგად გაუმჯობესდა საჯარო უწყებების რეაგირება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ მიმართვებზე“.

„ამასთანავე, მაღალი თანამდებობის ზოგიერთმა პირმა ორაზროვანი განცხადებები გააკეთა საჯარო სამსახურში აყვანისას ნეპოტიზმის გამოვლინების თაობაზე. გასულ წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად არ შეისწავლა მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. ჯერჯერობით არასაკმარისი პროგრესია მომდევნო წლებზე გათვლილი ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხშიც“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ.

ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას გააძლიეროს  პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კონკურენციის სააგენტოსა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობები და არ დაუშვას არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა ამ უწყებების მუშაობაში. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას დაამყაროს „სათანადო დემოკრატიული კონტროლი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე; შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება; გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე; აღმოფხვრას კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხარვეზები, რომლებიც მთავრობას და მთავრობის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს საშუალებას აძლევს, რომ კონტრაქტები ელექტრონული შესყიდვების არსებული გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით და ტენდერების გარეშე დადონ; იზრუნოს კორუფციის იმ რისკების შემცირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობასთან და საჯარო თანამდებობების ზოგიერთი კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებასთან; უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალე მართვა; დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; გააუმჯობესოს პარლამენტის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ზედამხედველობის უნარი, განსაკუთრებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებთან მიმართებაში.