A+
A-
ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების, ‘საზღვრის მოწყობის და ნატოს გაფართოების შესახებ
04 დეკემბერი 2013 23:19:39

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 4 დეკემბერს, რომ სამხრეთ ოსეთის გასწვრივ ღობეები „სუვერენული სახელმწიფოს“ „საზღვრების“ დასაცავადაა საჭირო და „ცხელი თავების დამშვიდებასთან ერთად“ ღობეებიც აღარ იქნება საჭირო.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში ნატო–რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ურთიერთობებზე, რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების აღმართვაზე და საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე ჰკითხეს.

ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება, არა მხოლოდ საქართველოს კონტექტსში, არამედ ზოგადად, წარმოადგენს „ცივი ომის ეპოქის ძველი ინერციული ლოგიკის გაგრძელებას“.

„ეს არა მხოლოდ გამყოფი ხაზების შენარჩუნებაა, რომლის აღების ვალდებულებაც ჩვენ ყველამ ავიღეთ, არამედ მათი შემდგომი გადაადგილება აღმოსავლეთით, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ უმაღლეს დონეზე ავიღეთ უსაფრთხოების განუყოფელობის თვალსაზრისით. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც რისკებს შეუქმნის პარტნიორების უსაფრთხოებას. გამოვდივარ იქიდან, რომ სწორედ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა ლავროვმა.

რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ურთიერთობების „განვითარების“ მომხრეა.

„ჩვენ მოვისმინეთ და შევაფასეთ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომები. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთქმედების პრაქტიკული განვითარება სავაჭრო–ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ხელოვნების და მეცნიერების დარგებში, ახალგაზრდების ურთიერთგაცვლა საშუალებას მოგვცემს უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ბაზა გვაქვს მრავალწლიანი თანაარსებობისა, სულიერი და ისტორიული სიახლოვე. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროცესები გაგრძელდება“, – განაცხადა ლავროვმა.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეს „სუვერენული სახელმწიფოებია“, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

„ჩვენ ვაღიარეთ ისინი და ხელი მოვაწერეთ მათთან შეთანხმებებს მეგობრობის და ურთიერთდახმარების თაობაზე; ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი საზღვრების უსაფრთხოებას და სამხედრო უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.

„ეს ახალი რეალობებია ამიერკავკასიაში, რომლებიც უნდა ვაღიაროთ. ისინი თანთადან იჭრებიან გონებაში. ის ფაქტი, რომ ჟენევის დისკუსიების დროს სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო რუსეთთან, აშშ–თან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად თანაბარი პირობებით მონაწილეობენ უსაფრთხოების პრობლემების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში, ადასტურებს, რომ დიალოგის გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ლავროვმა.

„რაც შეეხება მავთულებს, ვიტყვი, რომ საზღვრები, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს. დარღვევები ორივე მხრიდან უნდა აღიკვეთოს. არსებობს წესები, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკას ასახავს. „ცხელი თავების“ დამშვიდებასთან ერთად მავთულებიც აღარ იქნება საჭირო“, – განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ამიერკავკასიის ყველა ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურიერთობების“ დამყარება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის თემა უნდა იყოს.

„ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა“, – დასძინა ლავროვმა.