A+
A-
არის თუ არა ქართული არჩევნები მოწიფული დემოკრატიის ნიშანი?
01 ნოემბერი 2013 22:59:06
27 ოქტომბერი საეტაპო თარიღია საქართველოსათვის, რადგან ხალხმა მშვიდად აირჩია პრეზიდენტად უცნობი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი. მან ხმების 62% მიიღო. საქართველოს ისტორიაში პირველად, მოქმედი პრეზიდენტი არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით შეიცვალა.
 
გიორგი მარგველაშვილის არჩევამ, რომელიც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ფაქტობრივად დაასრულა სააკაშვილის ეპოქა, ათწლიანი პერიოდი ელვისებური რეფორმებისა და ეკონომიკური პროგრესის, რომელიც მიღწეულ იქნა მზარდი ავტორიტარიზმის ფასად, უხეში და შერჩევითი სამართლით. ეს ცვლილება ვერ მოხდებოდა, რომ არა ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“.
 
2011 წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაციას, პირველი პრესკონფერენცია თავის $50 მილიონიან სასახლეში გამართა. იმედი მქონდა, რომ შევძლებდი იმის გარკვევას, თუ რით განსხვავდებოდა კარჩაკეტილი მილიარდერი ყველა სხვა ქართველი მესიისაგან, რომელიც ქვეყნის გადარჩენის პირობას დებდა, ბოლოს კი დამხობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. პრესკონფერენცია უმალ გადაიზარდა სასაცილო აურზაურში, სადაც 200 ჟურნალისტი მიკროფონის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა და გაჰყვიროდა მწარე შეკითხვებს მილიარდერის მისამართით, მის რუსულ კავშირებზე და საყვარელ პინგვინებზე.
 
შანსი გამიჩნდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, კერძო სალხში აღმოსავლეთ საქართველოს სოფელში, კერძებით სავსე სადილის სუფრასთან, სადაც ივანიშვილის წინ ვიჯექი, რომელმაც ის იყო კამპანიის ბოლო რაუნდი დაასრულა. შესანიშნავი კახური კერძების შესახებ საუბრისას, მან ირიბად ილაპარაკა სასამართლოს რეფორმასა და ეთნიკურ ტოლერანტობაზე, ასევე სააკაშვილის შეცოდმებზე. საბოლოოდ, მე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ გავიგე ამ კაცზე, გარდა იმისა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას აპირებდა კონკრეტული გეგმის გარეშე. მაგრამ ქართველებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა: მისმა პარტიამ გაიმარჯვა.
 
სააკაშვილისა და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ (ენმ) ეს იყო კატასტროფული მარცხი. მიშა (სააკაშვილს ასე იცნობენ) თავმოყვარეობას მოერია და მარცხი აღიარა, რითაც საქართველოს ისტორიაში პირველად შესაძლებელი გახადა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. მაგრამ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და იძულებული გახდა კოაბიტაციის რთული პერიოდი გაეზიარებინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“, იმ კოალიციასთან, რომელიც აერთიანებდა მიშას მემკვიდრეობის დანგრევის მსურველ ინდივიდებს.
 
გასული წლის აურზაური მოიცავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ათობით ჩინოვნიკისთვის ბრალის წაყენებას, მათ შორის ყოფილი მინისტრებისთვის, რომელთაგან აღსანიშნავია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე. იმავდროულად, რამდენიმე მინისტრი უცხოეთში გადაიკარგა, როგორც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. საქართველოს დასავლელი პარტნიორების უმრავლესობამ გააკრიტიკა ამ დაპატიმრებების პოლიტიკური ბუნება, თუმცა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ანგარიშსწორება არ იყო, არამედ სამართლიანობის აღდგენა და რომ ის ქვეყანაში დემოკრატიას ამკვიდრებდა.
 
ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ივანიშვილს მის ფტურისტულ სასახლეში შევხვდი და ვკითხე, ცდილობდა თუ არა ის მიშას განადგურებას?
 
„რატომ უნდა გავანადგურო? ავადმყოფი კი არ ვარ. ისინი თავად ანადგურებენს საკუთარ თავებს. მე შენება მიყვარს“, მითხრა მან.
 
2010 წელს, სააკაშვილის მთავრობამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა – გაზარდა პრემიერმინისტრის ძალაუფლება, ხოლო პრეზიდენტის – შეამცირა. რადგან კონსტიტუციის თანამხად პრეზიდენტს ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეუძლია კენჭისყრა, საქართველოში ბევრი ფიქრობდა, რომ მიშა სავარძელს გამოიცვლიდა და ამ გზით დარჩებოდა ხელისუფლებაში. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო მსგავსი პერსპექტივა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პრემიერმინისტრად ბიძინა ივანიშვილი აირჩია. მაგრამ მილიარდერს ეს თანამდებობა როგორც ჩანს არ უნდა.
 
სექტემბერში, ივანიშვილმა გაიმეორა თავისი დაპირება, რომელიც კამპანიის დროს გასცა და განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დატოვებს პოლიტიკას და სამოქალაქო სექტორში გადავა. მომავალ კვირას ის თავის მემკვიდრეს დაასახელებს. ამის შემდეგ ქვეყანა მისი პარტიის, ლიბერალების, კონერვატორების და ნაციონალისტების ხელში დარჩება. საქართველო გახდება პირველი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რომელსაც პარლამენტი უხელმძღვანელებს და არა ძლიერი აღმასრულებელი. ამ ნაბიჯს ქართველების უმრავლესობა ეწინააღმდეგება.
 
„ეს იმიტომ, რომ ადამიანებს უყვართ მთელი პასუხისმგებლობის ერთი ადამიანისთვის დაკისრება“, ამბობს ივანიშვილი. „თითეულმა ადამიანმა უნდა გაიზიაროს მისი წილი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს. მესიანიზმი საზოაგდოებას აზიანებს. რაც უფრო დიდხანს დავრჩები, მით უფრო ცუდი იქნება“.
 
ოპონენტებს ეშინიათ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარლამენტში ქაოსი დაიწყება, ან პირიქით, ის განაგრძობს პროცესების მართვას კულისებიდან. სხვები, მაგალითად ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი და პრემიერმინისტრის ყოფილი არაოფიციალური მრჩეველი, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი გათვლას აკეთებს არა ადამიანებზე, არამედ იმაზე, რომ ინსტიტუტები უფრო ძლიერი გახდა. თუმცა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მილიარდერი განაგრძობს პროცესებში მონაწილეობას კულისებიდან.
 
„ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობამ ეს იცის და თანახმანი არიან. უკიდურესად რთულია საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის იმის გაგება, რომ ყველაფერი არც ისე არამდგრადია, როგორც ერთი ან ორი წლის წინ. ინსტიტუტები სტაბილურია“, ამბობს ის.
 
დიახ, გარკვეულწილად სტაბილური. კანონმდებლებმა ყველა გააკვირვეს ისეთი კანონების განხილვით, რომელიც ბუსუსიანი პრეზერვატივების გაყიდვის აკრძალვას და იმ ჩინოვნიკების დაჯარიმებას ითვალისწინებდა, რომლებიც ქართულად საკმარისად კარგად ვერ ლაპარაკობენ. მაგრამ მათ მიიღეს ასევე კანონები სასამართლო სისტემის დაცვის და მედიის მესაკუთრეებთან დაკავშირებული გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.
 
მაგრამ, როდესაც საქმე უმცირესობების უფლებებს ეხება, ჭრელ პარლამენტში ერთგვარი შიდა კონფლიქტი იჩენს თავს. როდესაც რამდენიმე ათეული მართლმადიდებელი მღვდელი ათასობით ადამიანს გაუძღვა რამდენიმე გეიაქტივისტზე თავდასხმისათვის, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას მართავდენენ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ძალადობის პროვოცირებაში აქტივისტები დაადანაშაულა და მათი დასჯა მოითხოვა. თუმცა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, თავდასხმა დაგმო.
 
უსუფაშვილი მინარეთის დემონტაჟსაც ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, აგვისტოში, მაშინ როდესაც მთავრობის დიდმა ნაწილმა დუმილი არჩია. ეს ერთ-ერთი ბოლო მოვლენა იყო იმ ანტიმუსლიმანური ლაშქრობების სერიაში, რომელმაც ქვეყანა მას შემდეგ მოიცვა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მურმან დუმბაძე სათავეში ჩაუდგა საპროტესტო გამოსვლებს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ დასავლეთის საპორტო ქალაქ ბათუმში შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე. ივანიშვილი, ფაქტობრივად პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც თქვა, რომ „სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები“, ის ამტკიცებს, რომ საქართველო თავისი ბუნებით ტოლერანტული ქვეყანაა.
 
„ეს [შეუწყნარებლობა] ხელოვნურად იყო გამძაფრებული სააკაშვილის მიერ“, განაცხადა მან. „როდესაც კოაბიტაცია დასრულდება, პრობლემა აღარ იქნება“
 
შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ პარლამენტში კვლავ იქნებიან ქსენოფობები და ჰომოფობები, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში. მომავალში უფრო ვნახავთ, რამდენად კარგად შეძლებენ ქართველები უმცირესობების უფლებების დაცვას. კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოში თომას ჰამერბერგმა თავის ანგარიშში აღნიშნა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არსებობს რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ.
 
მაგრამ პრობლემა, რომელიც მართლაც განსაზღვრავს პარლამენტის მომავალს, სამუშაო ადგილებია. ოფიციალურად, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ია. რეალურად, ორჯერ მეტი. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ჩატარებული 2013 წლის სექტემბრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დასაქმება ქვეყნის მთავარი ნაციონალური პრობლემაა; მოსახლეობის დაახლოებით 46% თავს უმუშევრად მიიჩნევს და სამუშაოს ეძებს.
 
ივანიშვილს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, და ამბობს, რომ თავისი დროის დიდ ნაწილს სამუშაო ადგილების შექმნაზე ფიქრსა და ეკონომიკის „გამოწვევებზე“ მუშაობას უთმობს.
 
სააკაშვილის მმართველობის დროს, ეკონომიკა გაიზარდა და მშპ-ს ზრდის საშუალო ტემპმა 6.1%-ს მიაღწია 2004-2012 წლებში. მაგრამ 2013 წლის პირველ კვარტალში, ის 1.8%-მდე დაეცა. ოპონენტებმა ეს უმალ ხელისუფლების ცვილილებას დააბრალეს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ საქართველოში არ შემცირდა, არამედ მთელ რეგიონში 2012 წელს. მეტიც, ადგილობრივი ბიზნესლიდერები წუხან, რომ მთავრობის ბოლოდროინდელი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს შრომის კოდექსის ლიბერალიზაციას და უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვას, ინვესტტორებს აფრთხობს.
 
მეორე მხრივ, ივნისში რუსეთმა მოხსნა შვიდწლიანი ემბარგო ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და ხილზე. ეს განსაკუთრებით კარგი ამბავია მეღვინეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში, რომლებსაც, როგორც იუწყებიან, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდათ. საქართველოს ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის ექსპორტი 43%-ით მაღალი იყო შარშანდელთან შედარებით, რაც მთლაიანდ რუსეთს უკავშირდება. მაგრამ ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ერთგვარ ეგზისტენციალურ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას ქართულ სოფლებზე მავთულხლართები გაჰყავს. მოსკოვთან ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით, ივანიშვილი მხრებს იჩეჩავს და ამბობს, რომ მისი ბრალი არ არის ის, რომ სააკაშვილი ომში ჩაითრიეს.
 
„ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოახდინოს დიდი მეზობლის პროვოცირება“, ამბობს ივანიშვილი, „ჩვენ ვერ შევცვლით რუსეთს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავარცინოთ ჩვენი ქვეყანა სწორი ნაბიჯების გადადგმით, რასაც ვაკეთებთ კიდეც“.
 
იმავდროულად, სააკაშვილი საჯაროდ ამტკიცებს, რომ ოკუპანტთან „ურთიერთობის ნორმალიზება“ შეუძლებელია და განრისხებულია, რომ ივანიშვილი კრემლის „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების საკითხსაც კი განიხილავს, გულისხმობს რა პრემიერმინისტრის კომენტარს, რომელიც მან ამ ინიციატივაზე სექტემბერში გააკეთა. სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა ბრალი დასდო ივანიშვილს, რომ მან „ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ დაარღვია“.
 
ივანიშვილი ამბობს, რომ ეს აბსურდული გეგმაა. „ჩვენი ქვეყნის სტრატეგია უცვლელია და ეს არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს ძალიან მკაფიოა. ვინ იცის რა არის ევრაზიული კავშირი? მგონი, რუსებმაც არ იციან“, ამბობს ივანიშვილი, „მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თუკი ის არ იქნება კონფლიქტში ჩვენს სტრატეგიასთან, რატომ არ უნდა განვიხილოთ?“
 
და შესაძლოა, მოვიდა დრო უფრო მეტი ჯანსაღი დისკუსიისათვის ყველა საკითხზე. იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი ბარგს აწყობს და ბრუნდება თავის ბინაში თბილისის ცენტრში, ივანიშვილი კი გადადგომას აპირებს, ჩვენ შესაძლოა მოწმენი გავხდეთ მწვავე მტრობის დასასრულისა ქართული პოლიტიკის ორ ძალას შორის, რაც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზებას ახდენდა იმ დღიდან, რაც 2011 წელს ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. კვირას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება თავის ოპონენტ გიორგი მარგველაშვილს – სიმწიფის ჟესტი, რაც ასეთი იშვიათია საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მითიური ლიდერების ეპოქას ემშვიდობება.
 
ორიგინალი