A+
A-
ივანიშვილი რუხი კარდინალი გახდება?
05 ნოემბერი 2013 23:04:30
თუკი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დღეს ვარაუდობენ, ამ თვის ბოლოს საქართველო გაურკვეველ პოლიტიკურ სივრცეში შეაბიჯებს, შეიძენს რა ახალ პრემიერმინისტრს, რომლის უფლებამოსილებების ხარისხი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პრემიერის. როგორც მოსალოდნელია, პრემიერის თანამდებობას 31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციიდან (17 ნოემბერი) ერთი კვირის განმავლობაში, რაც სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება, რადგან პარლამენტს ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს „ევროპული ტიპის მთავრობას“ „დაუტოვებს“, განაცხადა, რომ თანამდებობას 24 ნოემბერს დატოვებს.
 
თუმცა, დღევანდელი დღეს, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების მიღმა მთავრობას საკუთარი სტრატეგია აქვს, და არავინ ცდილობს იმ შთაბეჭდილების გაფანტვას, რომ მილიარდერი ერთადერთი რეალური მმართველია.
 
იმ წარმოდგენას, რომ სწორედ ივანიშვილი დარჩება უახლოეს მომავალში მთავარ ძლევამოსილ ფიგურად, ორი ფაქტორი აძლიერებს. ერთი, ეს არის მძლავრი ინსტიტუტის არარსებობა, ისეთი წონიანი ინსტიტუტის, რომელიც შეძლებდა ვაკუუმის შევსებას ივანიშვილის წასვლის შემდეგ. და მეორეც, პრემიერმინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება („ფორბსის“ შეფასებით, $5.3 მილიარდი) ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ის კვლავინდებურად მოახდენს სერიოზულ გავლენას პოლიტიკურ პროცესზე.
 
არც ღარიბაშვილს და არც მარგველაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ისინი ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდნენ. მთავრობაში მათი მუშაობის გამოცდილება მთლიანობაში მოიცავს წელიწადსა და ცხრა თვეს.
 
როგორც ღარიბაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, მისი მთელი პროფესიული კარიერა უკავშირდება ივანიშვილის კუთვნილ ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობას. მოკლე ოფიციალურ გამოსვლაში, სადაც ივანიშვილმა ის „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა (2 ნოემბერი), ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ „არ დაიშურებს ძალებს იმისთვის, რომ განაგრძოს“ ივანიშვილის პოლიტიკა.
 
პოპულარული ყოველკვირეული გაზეთის „ასავალ-დასავალის“ 4 ნოემბრის ყდაზე სიტუაცია ასეა განმარტებული: „ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს, რომ ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს“.
 
ანალოგიურად, 44 წლის მარგველაშვილი უფრო იმით არის ცნობილი, რომ ივანიშვილის „კარგი მეგობარია“, ვიდრე მისი ცხრათვიანი მუშაობით განათლების მინისტრის თანამდებობაზე. პრემიერი თითქმის ყველა მის წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობდა და 28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს მასთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა.
 
მარგველაშვილს ასევე არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილი მოახდენს გავლენას მის გადაწყვეტილებებზე, როდესაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
 
თბილისის სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორის და პოლიტოლოგის მარინა მუსხელიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთავრობას არ აქვს მკაფიო სტრატეგია, გარდა მიმავალი პრემიერის სტრატეგიისა, ივანიშვილს ცალსახად აქცევს „ძალიან გავლენიან ჩრდილოვან ფიგურად“.
 
„არა იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი მოტივები და მისი განზრახვები მცდარია, უბრალოდ, ზოგადად, მენტალიტეტი არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ შეიქმნას პოლიტიკური ბაზა ძლიერი ლიდერის გარეშე“, ამბობს იგი. „ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს აუცილებლად ავტორიტარ ლიდერს“, არამედ ეს შეიძლება იყოს ლიდერი, რომლის „მიზანიც არის რაღაც კარგი გააკეთოს ქვეყნისათვის“, დასძენს იგი.
 
ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ პრემიერმინისტრი ამ მხრივ მტკიცედ არ არის განწყობილი. თუმცა, თავად მასაც არ დაუკონკრეტებია არაფერი საკუთარი გეგმების შესახებ თანამდებობის დატოვების შემდეგ. მან ზოგადად გამოთქვა სურვილი, რომ „სამოქალაქო საზოგადოების“ აქტიური წევრი გახდება და ილაპარაკა „20-წლიან პერიოდზე, რომლის გასვლის შემდეგაც, ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ“.
 
პოლიტიკური გავლენის გარდა, ივანიშვილისთვის ყველაზე ხელშესახები გზა იმისთვის, რომ საზოგადოებას თავისი არსებობა აგრძნობინოს, ფულია. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს ექვსმილიარდიან საინვესტიციო ფონდში, რომლის მიზანიც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა.
 
იურისტ თამარ გურჩიანისთვის, რომელიც აქტიურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებზე, ივანიშვილის გადაწყვეტილება, ამხელა ინვესტიცია განახორციელოს ფონდში საკუთარი სახსრებიდან, თანაც იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის და პრემიერის თანამდებობებზე „თავისი მიმდევრები“ დანიშნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ის ინარჩუნებს მთავრობის ქმედებების გაკონტროლების გარკვეულ შესაძლებლობებს. „უდავოა, რომ ის კულისებიდან აპირებს მუშაობას“, ფიქრობს იგი.
 
შედეგად, შეიძლება მივიღოთ ძლიერი ლიდერი, რომელიც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის, ამბობს სერგი კაპანაძე, წარსულში, მიმავალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დღეს თბილისში, ანალიტიკური ორგანიზაციის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი, რომელიც მთლიანობაში მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.
 
„თუკი ჩვენ მივიღებთ ისეთ სცენარს, რომელშიც ექსპრემიერი მუდმივად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ეს ქვეყნისთვის ვერ იქნება სასარგებლო ძალიან ბევრი მიზეზის გამო… პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება დაიკარგება“, ამბობს კაპანაძე.
 
იმავდროულად, საქართველოს მცხოვრებლები მკაფიოდ გამოხატავენ იმას, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა არ უნდათ. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც სექტემბერში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისათვის ჩატარდა, 3838 რესპონდენტიდან ქვეყანაში 71% არ ეთანხმება პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ.
 
საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც 20 წელი იცხოვრეს ისეთი პრეზიდენტების პირობებში, რომლებიც წამყვანი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, იმავდროულად, გააჩნდათ საბჭოთა დირექტიული მმართველობის მოდელში ცხოვრების გამოცდილება, მიეჩვივნენ „ერთ ლიდერს“ და „ერთი დიდი მიზნისათვის“ ცხოვრებას, იქნებოდა ეს „კომუნიზმის მშენებლობა“ თუ „დემოკრატიის შენება და ნატოში გაწევრიანება“, ამბობს მუსხელიშვილი.
 
თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს „გამართულად მოქმედი მართვის საორგანიზაციო სისტემა“ ისეთი კონცეფციის მიღმა, როგორიცაა „ერთი ლიდერი – ერთი მიზანი“, დასძენს იგი.
 
პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ივანიშვილის განცხადების შთაბეჭდილების ქვეშ, ღარიბაშვილს უკვე „პრემიერმინისტრს“ უწოდებენ, ფიქრობენ რა, რომ მისი დამტკიცება პარლამენტში უკვე გადაწყვეტილი საქმეა.
 
ასეთი აქცენტი ცალკეულ პიროვნებებზე კი იმას ნიშნავს, რომ თუკი მიიჩნევენ, რომ ახალი პრემიერმინისტრი სუსტია, მთელ ყურადღებას მიმართავენ მისი ძალაუფლების სავარაუდო წყაროსაკენ – ამ შემთხვევაში ივანიშვილისკენ.
 
ასეთ ვითარებაში, ახალი პრემიერმინისტრისთვის მთავარ პრობლემად შეიძლება იქცეს საკუთარი ლეგიტიმურობის დემონსტრირება, მიაჩნია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის მოადგილეს და სააკაშვილის პერიოდის ელჩს, პაატა გაფრინდაშვილს.