A+
A-
რუსეთი-ევროპა: ცივი ომი გამოცხადდა
07 ნოემბერი 2013 23:06:51
სიგრილის პირველი ნიშნები ამ წლის ზაფხულში გაჩნდა, როდესაც ავტომობილებს ლიტვური ნომრებით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა მნიშვნელოვნად შეუზღუდეს. საბაჟოს თანამშრომლები აჩერებდნენ ლიტვურ სატვირთო მანქანებს, რის გამოც კომპანიებმა მეზობელი ქვეყნების გადამზიდველთა მომსახურების გამოყენება დაიწყეს. მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში, მოსკოვმა განაცხადა, რომ ლიტვური რძის ნაწარმის არცერთ წვეთს საკუთარ ტერიტორაზე არ შეუშვებს. ლიტვის პრემიერმინისტრი უმალ შეეცადა თავის რუს კოლეგასთან ტელეფონით დაკავშირებას. დიმიტრი მედვედევმა მას მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადაურეკა. პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ბრაზი არ დაუმალავს: „რუსეთს არანაირი წერილობითი განმარტება ჩვენთვის არ მოუცია და წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებს“. ქვეყნის რძის წარმოების 30% რუსეთის ექსპორტზე მოდის. სასაზღვრო ბლოკადა სექტორს ყოველდღიურად 3 მილიონი ევროთი აზარალებს.
 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს „კრემლის მედიასაშუალებებმა“ განაცხადეს, რომ ახალგაზრდობაში ის „კაგებე“-ში მუშაობდა. Point.fr-ის შეკითხვას მან ასე უპასუხა: „დიახ, მე მართლაც ვსწავლობდი ლენინგრადში, და მერე რა?“. თუმცა გაღიზიანება მაინც თვალშისაცემია: „მე არ შემიძლია ამას მშვიდად ვუყურო. მიმაჩნია, რომ ეს პიროვნული თავდასხმებია პრესის საშუალებით“.
 
იმავდროულად, არაფერი არ მოწმობს იმას, რომ ისტორია ამით დასრულდება. ლიტვის მთელი ხელმძღვანელობა დაფიქრებულია იმ უცნაურ მოვლენებზე, რაც კალინინგრადში ხდება – რუსულ ანკლავში, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე, პოლონეთსა და ლიტვას შორის მდებარეობს და მთლიანად მოწყვეტილია ქვეყნის დანარჩენ ნაწილს. გარკვეული პერიოდის წინ იქ აირის რეზერვების შექმნა დაიწყეს. მოსკოვი იმ მილსადენის გადაკეტვას გეგმავს, რომლითაც ლიტვა მარაგდება? „გამორიცხული არ არის“, – ამბობენ ვილნიუსში.
 
ასეა თუ ისე, უთანხმოება მხოლოდ პრეზიდენტს ან ბალტიის ამ რესპუბლიკას არ ეხება. ვილნიუსით მიზანში ამოღებულია მთელი ევროკავშირი: ვლადიმერ პუტინი ცდილობს არ დაუშვას 28 ნოემბერს დაგეგმილი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან. „ჩვენი ქვეყანა არის დღეს ევროკავშირის თავმჯდომარე, და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ევროპის კეთილმეზობლობის პოლიტიკის წინსვლას“, აღნიშნავს დიპლომატი თომას გულბინასი.
 
„ჩვენ მარტო აღარ ვართ“
 
საქმე ის არის, რომ უკრაინა აწარმოებს ელექტროენერგიას, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ლიტვის (რომელიც 100%-ით დამოკიდებულია ძვირადღირებულ რუსულ გაზზე), არამედ ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკების და პოლონეთის საჭიროებების დაფარვაც კი. პუტინის გზავნილი მკაფიოა: ხელები შორს უკრაინისგან! (მოსკოვს უნდა, რომ კიევი მის საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს).
 
ასეთი ცივი ომის ატმოსფერო ლიტველებს საბჭოთა ოკუპაციის ბნელ პერიოდს აგონებთ. სხვაობა ერთია: დღეს ბალტიისპირეთი ევროკავშირის წევრია. „ჩვენ მარტო აღარ ვართ“, ამბობს ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერი პეტრას აუშტრევიჩუსი. ყოფილ ევროკომისარ დალია გრიბაუსკაიტეს, გაზაფხულის არჩევნების შემდეგ, ევროპულ ინსტიტუტებში მაღალ თანამდებობას უწინასწარმეტყველებენ. ახლა ის პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას ახდენს. კარელ დე გიუხტი, ევროკომისარი სავაჭრო საკითხებში, აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს „მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას“. ახლახან, დალია გრიბაუსკაიტემ შესანიშნავი საჩუქარი მიართვა ანგელა მერკელს: უზარმაზარი ტრადიციული ლიტვური ყველი, რომელიც დღეს აკრძალულია რუსეთში. რაც იმის შეხსენებაა, რომ ყველა ევროპელი, ფაქტობრივად, ერთ სუფრასთან ზის.