A+
A-
ტიტანების შემდეგ
08 დეკემბერი 2013 01:05:25
თომას დე ვაალი
 
საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა. ისტორიას, რომელიც ახლა იქმნება, შეიძლება ასეც ვუწოდოთ„ტიტანების შემდეგ“.
 
ორი ზედმეტად დიდი ინდივიდუალობა, ისინი, ვინც ბოლო დროს დომინირებდა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, სულ რაღაც ერთი კვირის ინტერვალით, ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან წავიდა. ახლა, როდესაც საქართველო „ვარდების რევოლუციის“ ათი წლისთავს აღნიშნავს (ამ რევოლუციამ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში), მთავრობამ ევროპასთან ისტორიული შეთანხმება დადო – მან ვილნიუსში, ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა.
 
საქართველოს პოლიტიკური გზა სრულიად არ ჰგავს მისი მეზობლებისას. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობის ჭირია ის, რომ ფესვგადგმულ ელიტას მონოპოლიზებული აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ძალაუფლება და რეფორმებს ბლოკავს. საქართველომ უკვე ორი ისეთი ელიტა ჩამოიცილა გზიდან, რომელსაც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები: შევარდნაძის ხელისუფლება 2003 წელს და სააკაშვილისა – 2012-ში.
 
ეს ჯანსაღი პროცესია დემოკრატიისთვის, მაგრამ ქვეყანა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, რასაც კუნდერას „არსებობის აუტანელი სიმსუბუქის“ პოლიტიკური ვერსია შეიძლება ვუწოდოთ.
 
სააკაშვილმა უკვე 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დათმო თავისი ძალაუფლების უდიდესი ნაწილი. მისი მთავარი მტერი, ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან წავიდა, ალბათ, კულუარებიდან უხვად გასცემს რჩევებს. მაგრამ ივანიშვილმა პატივი სცა საკუთარ პირობას, წავიდა პრემიერმინისტრის პოსტიდან და აღარ არის ყველაზე შესამჩნევი კაცი საქართველოში.
 
ასე რომ, ქართული საზოგადოება ზრდის ფაზაშია და ვეღარ მიაპყრობს მზერას დიდ პატრიარქს, რომელიც ყველა პრობლემას მოუგვარებს. ქვეყნის ორი ყველაზე მთავარი პოსტი, ორ შედარებით გამოუცდელ ადამიანს უკავია. უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი ახლა პრეზიდენტია, თუმცა ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ძალაუფლება შეკვეცილია. ხოლო ახალი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სულ 31 წლისაა და მანამდე მხოლოდ თავის პატრონთან, ივანიშვილთან უმუშავია.
 
ჩნდება შფოთი იმის გამო, რომ ეს ორი გამოუცდელი ლიდერი საქართველოში ისეთ ვითარებას შექმნის, როდესაც უფრო დიდ დემოკრატიას პრობლემებს შეუქმნის სუსტი ხელისუფლება, ცუდი ეკონომიკური მენეჯმენტი და ინტერესთა ჯგუფების მანიპულაციები. ასეთი ვითარება სავსებით შეიძლება შევადაროთ 1990-იანი წლების ბულგარეთისა და რუმინეთის გამოცდილებას და სიტუაციას, რომელსაც თომას კაროზერსმა ასე ზუსტად უწოდა „უძლური პლურალიზმი“.
 
კარგი ისაა, რომ რეალურად აქ უფრო მეტი უწყვეტობაა, ვიდრე ქართული პოლიტიკის ორი სუბიექტი აღიარებს. სამთავრობო ბიუროკრატიაში ადამიანთა უმრავლესობამ საკუთარი ადგილები შეინარჩუნა – და სწორედ ეს იყო სააკაშვილის ეპოქის მთავარი მიღწევა – ახლა აქ უკვე არსებობს ტექნოკრატთა კლასი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა აწარმოოს.
 
უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებითად არ შეცვლილა და საგარეო პოლიტიკის კურსი ისევ პროდასავლურია. სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა შეწყვიტეს ვითარების შარშანდელი ინტერპრეტირება, თითქოს ივანიშვილი „კრემლის აგენტია“ და ხელისუფლებაში მისი მოსვლით საქართველო რუსეთს ჩაუვარდება ხელში.
 
პირიქით. ერთადერთმა პრორუსულად განწყობილმა კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ამასწინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების დაახლოებით 10 პროცენტი აიღო. რაც არ უნდა თქვან ორ ახალ ლიდერზე, არც ერთი მათგანი, არც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა პროდასავლური ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, მარგველაშვილი და არც სორბონის კურსდამთავრებული ღარიბაშვილი არ განიხილებიან ისეთ ადამიანებად, რომელთაც რაიმე მნიშვნელოვანი აკავშირებთ რუსეთთან და ორივემ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს.
 
კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ქართული პარლამენტი, რომელიც სააკაშვილის ნების უსიტყვო შემსრულებელი იყო, დღეს, როგორც ინსტიტუტი განმტკიცდა. სპიკერი, დავით უსუფაშვილი, შთამბეჭდავი და თანხმობაზე ორიენტირებული ფიგურაა, ის საპარლამენტო უმცირესობასთან, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ (ენმ) თანამშრომლობს.
 
მაგრამ სულ უფრო აქტიურ პარლამენტს ქართველთა ტელეეკრანებზე მოაქვს ერთ-ერთი, შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც კვლავ აქტუალურია საქართველოში: უკიდურესად აგრესიული პოლიტიკური კულტურა და ღრმა პოლარიზაცია მთავრობასა და ოპოზიციას შორის. 2012 წლის საზარელი საარჩევნო კამპანიის ჭრილობები ჯერაც არ მოშუშებულა.
 
თუმცა არსებობს მოკრძალებული იმედი იმისა, რომ ძალაუფლების გადაცემის ბოლო ეპიზოდი ამ ბრძოლას წერტილს დაუსვამს.
 
2013 წელს ვარაუდობდნენ, რომ ივანიშვილს ენმ-ის ისტორიიდან გაქრობა სურს. ენმ-ის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, ან მათი საქმეების გამოძიება დაიწყეს, თუმცა, ამავე დროს, მთავრობამ საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია იმის მონიტორინგისთვის, რასაც თავად ძალიან სერიოზული დანაშაულების გამოძიებას უწოდებს.
 
ძირითადად, ეს გესლიანი ტონი ორი ტიტანის დაწესებული იყო, ახლა ისინი თანამდებობებზე აღარ არიან. არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ისევ აგრძელებდა სიტყვიერ ომს ოპოზიციასთან და განაცხადა, რომ ენმ-ის კანდიდატის, დავით ბაქრაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, 22 პროცენტი, ერთ რამეზე მიუთითებს – „ჩვენ პოლიტიკური კულტურის დეფიციტს განვიცდით“. ხოლო სააკაშვილმა იმის გამო, რომ არ დაესწრო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, თავისი როლი ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემაში, დააზარალა. რეალური კონკურენტები კეთილშობილურად იქცეოდნენ. ბაქრაძემ კარგი ტონის მაგალითი აჩვენა, როდესაც გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა. მარგველაშვილმა კარგი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ის ყველა ქართველის პრეზიდენტია.
 
თუმცა დაზავება ხანმოკლე აღმოჩნდა. ახალმა პრემიერმინისტრმა და ენმ-ის წარმომადგენლებმა პარლამენტში უცებ წაახდინეს ატმოსფერო კონფლიქტით, რომელშიც უხეშად აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და რომელშიც ღარიბაშვილი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
 
საქართველოს მმართველი კოალიცია ჭრელი ნაკრებია, მასში გაერთიანებული არიან თავის წინამორბედზე უფრო დემოკრატიული ფიგურები და, ამავე დროს, ისეთები, რომლებიც უფრო შოვინისტურ და ნაციონალურ განწყობებს ავლენენ. ჩნდება შფოთი იმის გამო, რომ ეს არატოლერანტული ჯგუფი, რომელიც კარგად არის წარმოდგენილი პარლამენტში, გეზს შეუცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცა უფრო დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყნად დამკვიდრების შანსი.
 
უფრო ზოგადად კი პრობლემა ასე გამოიყურება – თუ სააკაშვილის ადმინისტრაცია ზედმეტად იყო ფოკუსირებული გარესამყაროზე და აშკარად უფრო იმაზე ზრუნავდა, თუ რას ფიქრობენ დასავლეთში და არა საკუთარ თანამოქალაქეებზე (ამ შეცდომას ემსხვერპლა საბოლოოდ მისი ხელისუფლება), ამ ადმინისტრაციას რისკი შეიძლება შიდა პრობლემებზე ზედმეტად ფოკუსირებამ შეუქმნას.
 
გასული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. მაგალითად, მუსლიმანურ სოფელში თვითნებურად აიღეს მინარეთი და კოალიცია „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ფლობას უკრძალავდა. მთავრობამ იმუშავა ამ პრობლემების გამოსასწორებლად, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროცესს ზიანი მიადგა.
 
აი, ასეთმა მესიჯებმა შეიძლება ავნოს ეკონომიკას, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2013 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 1.7 პროცენტამდე შენელდა. ახალი მთავრობა, ისევე როგორც ზოგიერთი უცხოელი ანალიტიკოსი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან, ამ ვითარებაში ამჟამინდელი კოაბიტაციური რეჟიმით შექმნილ პოლიტიკურ ბუნდოვანებას ადანაშაულებს, ისევე როგორც სააკაშვილის მიერ დაწყებული რამდენიმე ექსტრავაგანტური და არაპოპულარული ინფრასტრუქტურული პროექტების გაუქმებას. მაგრამ ამიერიდან „ქართული ოცნება“ ფლობს მთელ ძალაუფლებას და საკუთარი თავის გარდა, სხვას ვეღარაფერში დაადანაშაულებს.
 
ამიტომაა, რომ ვილნიუსის სამიტი დროულიც იყო და მნიშვნელოვანიც. საქართველო მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკისკენ მიმავალ გზაზე სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას. საქართველო მთლიანად იმსახურებს იმ სარგებელს, რომელსაც მას თავისუფალი ვაჭრობა და ვიზების ლიბერალიზაცია მოუტანს (თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გარეშე) და რაც მას ევროკავშირმა შესთავაზა ვილნიუსში.
 
აქ იგრძნობა პროცესების უწყვეტობა და დაჩქარება. თავისი პრეზიდენტობის უდიდეს პერიოდში სააკაშვილი ზევიდან უყურებდა ევროპის კავშირს და ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის უფრო ატლანტიკური ნაწილისკენ ისწრაფვოდა. როგორც ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, „რომ შეეძლოს, საქართველოს დროშას ვარსკვლავებითა და ზოლებით მოხატავდა“. ლიბერტარიანული ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებაში ევროკავშირს ბიუროკრატულ სოციალიზმთან აიგივებდა და გააუქმა ბევრი ისეთი მარეგულირებელი ნორმა, რომელიც აუცილებელი იყო ბრიუსელთან დასაახლოებლად. საქართველოს შრომის კოდექსი იმდენად იყო მიმართული დაქირავებული მუშაკის წინააღმდეგ, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს სავაჭრო პრივილიგიებს უქმნიდა საფრთხეს.
 
თუმცა თავისი მმართველობის ბოლო ორი წლის განმავლობაში სააკაშვილმა შეცვალა კურსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან შეთანხმებაზე მუშაობა დაავალა. ახალმა მთავრობამ, რომელსაც უფრო სოციალ-დემოკრატიული ანუ პროევროპული დღის წესრიგი აქვს, ეს პროცესი დააჩქარა და, სხვა საკითხებთან ერთად, შრომის კოდექსშიც შეიტანა შესწორებები.
 
საქართველოში მოკრძალებული მოლოდინების დრო დადგა. ყველაზე სამწუხარო ილუზია, რომელიც ქარიზმატულმა სააკაშვილმა დაამკვიდრა, ის იყო, რომ საქართველოს მსგავსი, ახლადჩამოყალიბებული ქვეყნების პრობლემების მოგვარება მალე შეიძლება. ვერ მოგვარდება.
 
ვილნიუსის სამიტი პროცესის დასაწყისია და არა მისი დასასრული. საბოლოო ხელშეკრულებას მომავალ წლამდე არ მოეწერება ხელი. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პირველ რიგში მტკივნეული პროცესები იწყება, რადგან ახალი რეგულაციები დამატებით ტვირთად აწვება ქვეყანას მანამდე, სანამ ღია სავაჭრო ურთიერთობებით მოტანილი სიკეთე გახდება საგრძნობი.
 
შეერთებული შტატების პერსპექტივიდან ორი, უფრო დიდი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
 
პირველი ისაა, რომ სწორედ ახლაა უფრო მჭიდრო და არა უფრო ნაკლები თანამშრომლობის დრო საქართველოსთან. გასული წლის არჩევნების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში მცდარ ამბავს ჰყვებოდნენ. ეს ამბავი დამარცხებულმა ენმ-მა მოჰყვა და მათდამი სიმპათიით განწყობილმა ჟურნალისტებმა დასავლურ მედიაში ეს ნარატივი აიტაცა. ნარატივი კი ასეთი იყო: სააკაშვილის საქართველო „ლიბერალური დემოკრატიის ქვეყანა“ და ბრწყინვალე წარმატების ისტორია იყო და დამარცხდა შემთხვევით, ანტიდასავლური (ხშირად პრორუსულად მოხსენიებული), მტრული ძალების მიერ, ამიტომ ახალ მთავრობასთან დაახლოება არ შეიძლება.
 
არადა, გასული წლის არჩევნები, სადაც საზოგადოების ყველა სეგმენტის უდიდესმა უმრავლესობამ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა და არჩევნების შემდეგ გამოვლენილ დანაშაულებათა ის მასშტაბი, რომელიც მისმა მთავრობამ ჩაიდინა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ საგარეო კურსის უწყვეტობაზე, ერთ რამეს ადასტურებს – ეს ნარატივი სერიოზულად არ შეესაბამება რეალობას.
 
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი მთავრობის პრობლემურ მხარეებს ყურადღება არ მივაქციოთ. ეს არის თხოვნა იმაზე, რომ უფრო თავშეკავებულად მოვეკიდოთ წარსულს. იმავე დასავლურ პუბლიკაციებში მეტი ყურადღება რომ მიექციათ სააკაშვილის ბნელი მხარეებისთვის, შესაძლოა, ამას აღეკვეთა აღმაშფოთებელი დანაშაულებანი და შეეჩერებინა მისი სვლა არასწორი კურსით. გარდა ამისა, ეს არგუმენტია უფრო პრაქტიკული დიალოგის სასარგებლოდ, იმ ოფიციალური პირების მხარდასაჭერად, რომელნიც უფრო რეფორმისტულო, გარესამყაროზე ორიენტირებული დღის წესრიგის მიმდევარნი არიან.
 
დაბალანსებული ჩარევის კარგი მაგალითი მოგვცა ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში ევროპის კავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა. ნიუანსურ და სპეციფიკურ ანგარიშში ჰამარბერგმა გააჟღერა წუხილი ახალი ხელისუფლების პირობებში უმცირესობებისადმი მზარდი არატოლერანტობის გამო და იმის გამო, რომ საზოგადოება კვლავ ნაკლებად ენდობა გენერალურ პროკურატურას. მაგრამ მან ეს ყველაფერი აღნიშნა და ამავე დროს ზუსტად აღწერა ის კონტექსტი, რომელიც ახალ ხელისუფლებას დახვდა წინა მთავრობისაგან, „განსხვავება პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი იყო. მიწისა და სხვა საკუთრების კონფისკაცია ხდებოდა ისე, რომ მცირე იყო ან არ არსებობდა გასაჩივრების შანსი; საკუთრებას ასევე „სწირავდნენ“ სახელმწიფოს ზეწოლისა და მუქარის შედეგად. არსებობდა უკმაყოფილება ელიტური კორუფციის გამო“.
 
მეორე დასკვნა არის ის, რომ პოსტვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონმა ახალი როლი უნდა მოირგოს. არგუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველო „ცივი ომის“ ბრძოლის ველია, ან „გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული პარტნიორი“, საბოლოოდ უნდა გადაიდოს გვერდზე.
 
საუკეთესო გარანტია საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაა, თავიდან კი – ეკონომიკური დაახლოება. ქართულ-ამერიკული ვაჭრობა თავისთავად ძალიან უმნიშვნელოა, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში 300 მილიონი დოლარი შეადგინა. და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებს ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს აშშ-სა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე.
 
ყველაზე დიდი სამუშაო ბრიუსელში უნდა ჩატარდეს. მაგრამ ვაშინგტონის ხელშია ისეთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ამ ახალი გარდამავალი პერიოდის მხარდასაჭერად. ის უფრო მკაფიოდ მეტყველი მესინჯერია, ვიდრე ბრიუსელი და შეუძლია უზრუნველყოს პოლიტიკური მხარდაჭერით ეკონომიკური პროექტები. ის, რომ საქართველომ 10-15 წელიწადში დღევანდელი ბულგარეთის ან რუმინეთის მდგომარეობას მიაღწიოს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება იმ გრანდიოზულ ხედვას, რომელსაც ქართველები წინა პრეზიდენტისგან ისმენდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან რეალური და სოლიდური წარმატება იქნებოდა.