A+
A-
ძალაუფლების შესახებ
09 დეკემბერი 2013 01:17:56
ირაკლი ვაჭარაძე
 
 შეუერთდი განხილვას
 
ძალაუფლებას მრავალი წყარო კვებავს. მათი გავლენა რამდენიმე ფაქტორის ურთიერთზემოქმედებაზეა დამყარებული. ძალაუფლება აქ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს, ან ყველას შეიძლება ეფუძნებოდეს:
 
ფორმალური ავტორიტეტი  პირდაპირ კავშირშია თანამდებობასა და სამართლებრივ უფლებამოსილებებთან. მაგალითად, ასეთ ძალაუფლებას ფლობენ საქართველოს  პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
 
ექსპერტის ძალაუფლება შედგება ტექნიკური უნარებისა და ცოდნის ბაზის კომბინაციისგან. მხოლოდ მწიგნობრობა არ არის საკმარისი პირობა ფლობდე ექსპერტის ძალაუფლებას;  არც ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის  შესაძლებლობა კმარა საამისოდ. ქართული მედიის მიერ გაფეტიშებული “ექსპერტები” ძალაუფლებას საერთოდ არ ფლობენ.  სამაგიეროდ, ასეთ ძალაუფლებას ატარებენ თამარ გურჩიანი და ელენე ხოშტარია. მათ არავითარი თანამდებობა არ უკავიათ, მაგრამ შესანიშნავად წერენ (ერთ-ერთი ტექნიკური უნარი) და ცოდნაც მოეკითხებათ. 
 
რესურსების კონტროლი ფიზიკური, ფინანსური და საინფორმაციო რესურსების ფლობას გულისხმობს.  ასეთ ძალაუფლებას ნაციონალური მოძრაობა ფლობდა. ჩამოთვლილი სამივე სახის რესურსის მობილიზაციამ “რესურსების კონტროლის ძალაუფლებით” ისინი განსაკუთრებით გაამდიდრა.
 
პერსონალური უნარების ძალაუფლებას ის ადამიანები ფლობენ, ვინც პიროვნებათშორისი ურთიერთობების, მათ შორის სხვათა მოხიბვლის, დარწმუნებისა და კარგი ურთიერთობის გაბმის უნარებით გამოირჩევიან.  ასეთ ძალაუფლებას საქართველოში ისეთი ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერები  ფლობენ, როგორებიც ირაკლი ალასანია ან მიხეილ სააკაშვილია.
 
პოლიტიკური ძალაუფლება - კანონშემოქმედობითობის უფლება - ძალაუფლების ნაირსახეობათაგან ყველაზე კარგად არის შესწავლილი.  მაგალითად, მას პარლამენტში ქართული ოცნება ფლობს. ის პოლიტიკური ძალაუფლება წესების შემოღების უფლებასაც ნიშნავს. ამის მაგალითია საპატრიარქო, რომელიც იგონებს და იმპერატიულად  ავრცელებს წესებს (“დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა” და “შაბათი წიგნის დღეა”). პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილია ლობირების უნარიც, რომლის თითქმის ექსკლუზიურ მფლობელი საჯარო სივრცეში ასევე საპატრიარქო გახდა. მაგალითად, მას შეუძლია პრემიერი დაიბაროს და კანოპროექტზე კურთხევა მისცეს ან “ვეტო” დაადოს. 
 
დემონსტრაციების ჩატარების ძალაუფლებაც პოლიტიკური ძალაუფლებაა.  საპატრიარქოს ახალგაზრდულ ფრთას “დავითიანი” სურვილისამებრ შეუძლია რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და კაბების შრიალით ჩავლა, მაშინ როდესაც იგივე ადგილის უფრო მცირე ხნით გადაკეტვისთვის პოლიცია სტუდენტებს უმოწყალოდ რბევს და 400 ლარითაც  აჯარიმებინებს სასამართლო.  დემონსტრაციის ჩატარების აკრძალვის ექსკლუზიური უფლებაც სახელმწიფოს უფლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესეც საპატრიარქომ ჩაიჯიბა. ამის მაგალითებია 17 მაისი, ჭელა, სამთაწყარო, ებრაელების შევიწროვების მცდელობა ჰანუკას დღესასწაულზე და ა.შ.
 
რაღაცების კეთების ჩვეულ ხერხს კულტურულ ძალაუფლებას უწოდებენ. მაგალითად, ტრადიციები კულტურული ძალაუფლების ნაირსახეობაა. ასევე, ტრადიციებია კლასების სისტემა და გენდერზე დაფუძნებული ჩაგვრის სისტემაც. მაგალითად, ინდოეთში დედამთილები რძლებს ღუმელზე სარით გამოაბავენ და ცოცხლად წვავენ, რათა მათმა ვაჟებმა კიდევ ერთხელ მიიღონ განმეორებითი ქორწინებით მსუყე მზითევი. ინდოეთში პოლიციაც ამ კულტურის ნაწილია, ამიტომ დამნაშავეების პოვნას ის ისევე ვერ ახერხებს, როგორც ქართული პოლიცია - 17 მაისის შესახებ მედიით გავრცელებული ვიდეო მასალებიდან დამნაშავეების ამოცნობას.  უწინ, საქართველოში კულტურული ძალაუფლება  მწერლებს, პოეტებსა და მომღერლებს ჰქონდათ მითვისებული, ახლა კი კულტურის ხელახალი ძალადობრივი განსაზღვრება მიმდინარეობს. კულტურა ტრადიციის სინონიმი გახდა.  ტრადიციებზე მონოპოლიას კი ისევ საპატრიარქო მიელტვის. დღეს საპატრიარქომ შეუძლებელი სცადა - ებრაელებთან 26-საუკუნოვანი მეგობრობა თავის დამსახურებად გაასაღა. როდესაც კულტურულ ძალაუფლებას ფლობ, საჭირო სულაც არ ხდება საკუთარ თავს შეახსენო, რომ ქრისტიანობა სულ 20 საუკუნისაა და ის ხალხები, ვინც დღეს “საქართველოს” წარმოადგენენ, პირველ საუკუნეში სულაც არ გაქრისტიანებულან.
 
გაწვრთნილი/მორალური/იდეოლოგიური ძალაუფლება  ძალაუფლების ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც “სწორს”, “ბუნებრივსა” და რწმენების სისტემებს ადგენს. იდეოლოგიურ ძალაუფლებას პუტინის რუსეთი იყენებს.  მან ჯერ ანტი-დასავლური გრძნობები გააღვივა, შემდეგ კი ბოლშევიკების მიერ დამახინჯებული კომუნიზმის იდეის მსგავსად, გარშემო მეზობლებზე ცეცხლითა და მახვილით დაიწყო ანტი-დასავლური იდეოლოგიების თავსმოხვევა.
 
ძალდატანება ფიზიკური ძალადობა ძალაუფლების ისეთი სახეა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს მივანდეთ, მაგრამ ის მას ტაბურეტიანმა მამაო-ეგზეკუციონერმა წააართვა. მას, ჯიპზე ამხედრებულსა და მთვრალს, შეუძლია მოქალაქე გაიტანოს და ამისთვის არც კი დააკავებენ.
 
კომუნიკაციის ძალაუფლება ინფორმაციის დინების (ვინ, სად, როდის, საიდან, რატომ და როგორ) განაწილების უნარია. მას მედია საშუალებების მფლობელები ფლობენ, ხოლო მონოპოლისტური ხელისუფლების პირობებში კომუნიკაციის ძალაუფლების მქონენი პოლიტიკური ძალაუფლების მატარებლებთან შეკრავენ ხოლმე პირს. გავიხსენოთ ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანა. ამ დროს ყველა ეროვნული მაუწყებელი აშუქებდა ერთსა და იმავე ინფორმაციას, იერთი და იმავე თანმიმდევრობითა და შინაარსით.
 
განახლების და გამოგონების ძალა ადამიანებზე გრძელვადიანი გავლენით იზომება. ქართულ საზოგადო სივრცესა და პოლიტიკაში ასეთზე პრეტენზია ბიძინა ივანიშვილ - ქართულ ოცნებას გააჩნდა. სინამდვილეში კი, ამის მაგალითებს ბილ გეითსისა და პერსონალური კომპიუტერის, მარკისა და ფეისბუქის დიადები წარმოადგენენ. გამოგონების ძალაუფლება მთლიანად ცვლის ადამიანთა მოდგმის ცხოვრების წესსა და კომუნიკაციის კულტურას და მხოლოდ პოლიტიკური გავლენის ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება.
 
რეფერირების ძალაუფლება იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც სინამდვილეში ფლობენ ან რომლებსაც მიეწერებათ ისეთი უნარები, რაც სხვა ადამიანებში აღტაცებასა და მიბაძვის ვნებას იწვევს. ასეთებია ილია II  და ლეიდი გაგა.
 
ყველა სახის ძალაუფლებასთან მისაწვდომობა - ძალაუფლების ამ უკანასკნელ ნაირსახეობას არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს. მას მხოლოდ  მზესთან  და მთვარესთან ერთდროულად და საჭირო მანძილზე მიახლოებული კონფორმისტები ფლობენ.  მათით და მათთვის არსებობს ყველა სხვა ძალაუფლება.
 
ძალაუფლება აქვს ყველას.
 
ძალაუფლება, რომელიც რომელიმე ხელში ზედმეტად იყრის თავს და აღარ განიხილება როგორც “კარგი”, მპყრობელს აუცილებლად ჩამოერთმევა. ასეთი ძალაუფლების ჩამორთმევა  სიცოცხლეშივე ხდება, ხანდახან ძალადობრივადაც კი: ჰიტლერი, ბერია, სტალინი, კადაფი... 
 
ძალაუფლება, რომელსაც მისი მფლობელი მიმნიჭებლის წინააღმდეგ მიმართავს, ბუმერანგივით ძალადობის სახით უბრუნდება მას. ის, ვინც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს ხალხის მინიჭებულ ძალაუფლებას, მკაცრად დაისჯება. მტრისთვის ხოტბის შესხმა არავის შერჩება.
 
ტრადიციულად, უფლებაწართმეული და არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულები ხშირად უარყოფენ საკუთარ ძალაუფლებას. ისინი ძალაუფლების გადანაწილების საკითხის პრობლემურობასაც უარყოფენ. მაგალითად, ასე იქცევიან ლგბტ ადამიანები; ქალები, რომლებზეც ქმრები ძალადობენ და მუსლიმები, რომლებიც ლგბტ ადამიანთა წინააღმდეგ განცხადებაზე ხელისმოსაწერად იმ ინსტიტუციაში მიდიან,  რომლებიც სულ რამდენიმე კვირის შემდეგ იმავე არგუმენტების გამოყენებით მათაც ესხმიან თავს.
 
ადამიანები უუფლებობას და ძალის წართმევას დეპრესიით, აპათიურობითა და აგრესიით გამოხატავენ. ამიტომ ხდება გეტოებში ყველაზე მეტი დანაშაული. ამიტომ ხვდებიან ყველაზე ხშირად ციხეში ღარიბები. ამიტომ სცემენ სიღარიბისგან ძალაუფლებაწართმეული ქართველი კაცები თავიანთ მეუღლეებს. ეს ძალაუფლების წართმევის შედეგად გაჩენილი მახინჯი წრეა.
 
ძალაუფლებაწართმეულთა უფლებებს როგორც თავად ისინი, ასევე წამრთმევებიც უარყოფენ.
 
ადამიანებმა არ იციან რა ძალაუფლებას ფლობენ.  მათ ისიც არ იციან, გარედან მათ ძალაუფლებას სხვები როგორ ხედავენ . ამიტომ ხანდახან ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელთა ნაქადაგები ნონსენსი რუსული ბომბების შესახებ (“რუსეთს ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავს, არ უნდა ჩავვარდეთ გარყვნილი დასავლეთის ხელში. ამიტომ დაგვბომბა რომ გავეფრთხილებინეთ” და “მცემს, ესე იგი ვუყვარვარ”) გულწრფელი სიბრიყვე უფროა, ვიდრე პუტინის დაკვეთა. როცა არ იცი რა ძალაუფლებას ფლობ, ენაზე კბილის დაჭერის საჭიროებასაც ვერა და ვერ გრძნობ.
 
პრობლემურია ძალაუფლების კულტურული სპეციფიკურობა.  ეს ფენომენი  ზოგ ადამიანს ან ჯგუფს ზოგ წყაროსთან მიმართებით ხდის უუფლებოს, იმის მიუხედავად თუ რა ფაქტორებმა მიანიჭეს  მათ ეს ძალაუფლება. მაგალითად, 17 მაისს  მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა კონსტიტუციით მონიჭებული შეკრების თავისუფლებით ვერ ისარგებლა, რადგან კულტურული და სხვა ძალაუფლების მქონე მეორე ჯგუფმა მათ ეს უფლება, უხეში ძალის გამოყენებითა და სახელმწიფოს უუნარობის ფონზე, ცხვირინ ააწაპნა. 
 
ძალაუფლების სხვადასხვა წყაროს შორის გადანაწილება დემოკრატიის საწინდარია, ხოლო მის უმრავლეს სახეობათა ერთ ხელში უკონტროლო თავმოყრა ეროვნული ტრაგედიის უტყუარი მომასწავებელი.